უფლებადამცველი ანა არგანაშვილი თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც მამა 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.
არგანაშვილი ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შესაბამის სტრუქტურებში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია შესული იყო და მათ შესაბამისად არ იმოქმედეს, სისტემის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევა ვლინდება.
"თუ დადგინდა, რომ სისტემაში იყო შესული ინფორმაცია მაშინ აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა საზოგადოებაზე, არამედ სისტემის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლის უფლება არ ნიშნავს არამხოლოდ სიცოცხლის ხელყოფას არამედ მისი დაცვის შეუძლებლობას, როდესაც შენ უკვე ვალდებულება გაგიჩნდა. ვალდებულება გიჩნდება, როდესაც რისკს ხედავ უკვე.
აქ ძალიან სერიოზულ დარღვევაზეა საუბარი, ამიტომ გვჭირდება დაუყოვნებლივ გამოძიება, პოლიციის ქმედება, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედება და იქ ბავშვის გარემოებების შესწავლა",-აცხადებს ანა არგანაშვილი.
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ პოლიცია ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო. მისი თქმით, პოლიცია ოჯახში ძალადობის გამო არაერთხელ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბავშვის მამა დააკავეს. მათი ცნობით, ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.